აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში, პროექტის „შემოქმედებითი ზაფხულის“ ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 30-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი აფხაზური თემატიკის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
დასკვნით ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში კალიგრაფიისა და კერამიკის პროფესიონალმა პედაგოგებმა, ლეილა ბაღბაიამ და გრიგოლ მუმლაძემ, მასტერკლასები ჩაატარეს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ კერამიკული ნამუშევრები და გაცნობოდნენ კალიგრაფიის ძირითად ტექნიკებს.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან თევზაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე და ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია ესწრებოდნენ.



















