დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

იალქანი 1 2020
ხუთშაბათი, der 11. ივნისი 2020
by

იალქანი 1 2020

გამოვიდა ჟურნალ “იალქნის” 45-ე საიუბილეო ნომერი.
ჟურნალ „იალქნის“ რედაქტორი ნანა ჭანტურია: “გარკვეული წარმოდგენა რომ შეგექმნათ ახალ ნომერზე, შევეცდებით, ზოგადად მიმოვიხილოთ სრული გამოცემა და რუბრიკების მიხედვით შევჩერდეთ ცალკეულ პუბლიკაციებზე. ჟურნალი იხსნება რუბრიკით „ჩვენი ქალაქის ფერებით“. გაიგებთ, ვინ იმოგზაურა აფხაზეთში XIX ს.-ში, როდის მიიღო პეტერბურგმა სოხუმიდან გაგზავნილი პირველი დეპეშა, ვინ იყო პირველი მხატვარი, ვინც აფხაზეთის თემაზე შექმნა ფერწერული ტილოები და ა.შ. (გვ. 3). სათქმელი გრძელდება ორგვერდიანი ჩანართით, რომელიც „იალქნის“ ყველა ნომერს თან ახლავს. რუბრიკით „სტრიქონებს შორის“ მკითხველი თავიდან დაბადებული ემოციით გადაიკითხავს კლასიკოსის – ნოდარ დუმბაძის მხატვრულ ამონარიდებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან (გვ. 4-7). ტრადიციული რუბრიკა „ზღვისპირა იალკიალი“ გვიამბობს კონსტანტინე გამსახურდიასა და პავლე ინგოროყვასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, XX ს.-ის 30-იან, 40-იან, 70-იან წლებში მათ მიმართ წაყენებულ პოლიტიკურ ბრალდებებს (გვ. 8-9). „უსიყვარულობა აღარიბებს პლანეტას” – ამ სათაურით გაეცნობით ნობელიანტი ფიზიკოსის – ალბერტ აინშტაინის წერილს, გაგზავნილს ქალიშვილისადმი. ცოტა ხნის წინათ მიკვლეულმა ბარათმა, „კაცობრიობისთვის გადასაცემად“ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო (გვ. 10-11). პუბლიკაციაში „მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლისთავი“ საუბარია არამარტო დიდ ხელმწიფეზე, მეფის ოჯახთან დაახლოებულ, თავად შიო გედევანიშვილზეც. მისმა შთამომავლებმა მოგვაწოდეს ცნობები ისტორიოგრაფიაში უსამართლოდ მივიწყებულ წინაპარზე, ვინც გაბედა და გააპროტესტა „გეორგიევსკის ტრაქტატი“ (გვ. 12-17). ახალი რუბრიკა „წაშლილი საზღვრებით“ წარმოგიდგენთ პუბლიკაციას, რომლის ავტორია იაპონელი პროფესორი – რიო კოჯიმა, ჟურნალ „არენას“ რედაქტორი. თავის გვერდებზე მან დაბეჭდა წერილი ახალგაზრდა სოხუმელ მხატვარზე – ირმა გელანტიაზე.

ერთი ექსკლუზივიც: იაპონური პუბლიკაცია „იალქნისთვის“ საგანგებოდ თარგმნა ახალგაზრდა იაპონელმა ქართველოლოგმა – ჰაიატე სოტომემ (გვ. 20-22). რუბრიკა „დღეს – საუკუნეების მიღმა“ – გთავაზობთ პუბლიკაციას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ქვეყნის – პერუს შესახებ. ათასწლეული ისტორიის მქონე სამხრეთ ამერიკის ამ ეკზოტიკურ მხარეში მეცნიერთათვის ბევრი რამ დღესაც აუხსნელია (გვ. 24-27). რუბრიკით „კირიე ელეისონ“ ამჯერად გვერდები დავუთმეთ არა სასულიერო პირს, არამედ ახალგაზრდა ფილოლოგსა და ხელოვნებათმცოდნეს – მარიამ გუნიას. თემის სიღრმისეულად გააზრებით ავტორი თანმიმდევრულად მოგვითხრობს „ძველი აღთქმის“ იმ სიმბოლოებზე, რაც „ახალი აღთქმის“ არაერთი საგნისა თუ მოვლენის წინასწარმეტყველებაა (გვ. 30-32). რუბრიკით „ქართველი დესპანი“ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან დაუშვილი გვიამბობს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ნააში დაბადებული პავლე კვარაცხელიას შესახებ. პუბლიკაცია ამერიკაში ქართული სათვისტომოს დამაარსებელზეა, საქართველოს გარეშე „ქართულ ცხოვრებასა“ და ემიგრანტის ძალზე სევდიან ანდერძზე (გვ. 37-39). „დაბრუნებამდე სათქმელი“ – „იალქნის“ განსაკუთრებული რუბრიკაა. პუბლიცისტი ზაირა მიქატაძე გვიამბობს შთამბეჭდავ ისტორიას ქუთაისელ ამირან შაშიაშვილზე და იმ პიროვნებაზე, „ვისაც მტრის სახელი უფრო ჰქონდა, ვიდრე მოყვასის“, ვინც სიცოცხლე შეუნარჩუნა (გვ. 44-46). ლეგენდარული ფეხბურთელის – ბასა ღოღობერიძის გარდაცვალებიდან 40 წელია გასული. პუბლიკაციაში „პალიანიდან“ აგორებული ბურთით“ სოხუმში ერთად გატარებულ ბავშვობის წლებს იგონებს მისი სიყრმის მეგობარი – პეტრე ჭანტურია (გვ. 48-51). რუბრიკა „დაფიონი“ (ის გვაცნობს მხოლოდ ყმაწვილების შემოქმედებას) განსაკუთრებულ გამართლებას იძენს მაშინ, როცა „გაპოვნინებს“ თეკლა ჭუმბურიძეს. წაიკითხეთ გონიერი, 13 წლის გოგონას ძალზე დასამახსოვრებელი ნოველები (გვ. 52-53). „იალქანში“ წაიკითხავთ პოეტ მზია ხეთაგურისა და რევაზ ტატალაშვილის ლექსებს; რუბრიკა „ო, ენავ ჩემო“ გაგაცნობთ არნოლდ ჩიქობავას შეუდარებელი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან“ ამოკრებილ სიტყვებს (ა – ასოს მწკრივში წარმოდგენილს). რუბრიკები „ერთხელ“ და „ირმის ნახტომი“ ამჯერადაც მოგაწვდით ამბებს ყველაზე მოულოდნელი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. რუბრიკებით „არაბესკები“ და „განმარტოება“ წარმოდგენილი გვერდები, პროზაიკოსების – თამარ გაბროშვილისა და ნუნუ ჯანელიძის ჩანაწერებით, ფიქრისთვის განკუთვნილი დროა. რუბრიკა „თარგმანით“ წარმოდგენილი ივანე ტურგენევის გახმაურებული ნოველები, ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი – მკითხველისთვის თითქმის უცნობია”.

უკვე 10 წელია „იალქანთან“ ერთად გამოდის მეორე ჟურნალი – „კონა-კრებული ყველაზე პატარებისთვის“ – სახელწოდებით „აფქიო“.
„აფქიოს“ მე-18-ე ნომერში ჩვენი ყველაზე პატარა მკითხველი „გაეცნობა“ ტრადიციულ „კენკა-კენკა ამბებს“. პოეტების მორის ფოცხიშვილის, მაყვალა მრევლიშვილის, გურამ პეტრიაშვილის, თინათინ კვირიკაძის, მზია ჩხეტიანის, ნუნუ ჯანელიძის, რობერტ მესხის, ალინა ჩაგანავას ფერად-ფერად ლექსებს. რუბრიკა „ჩემი თავგადასავალი“ გიამბობთ ვახტანგ გორგასლის ჯარის სარდლის, ეროვნებით სპარსელის ამბავს, ვინც ქრისტიანად მოინათლა, ქართულმა ეკლესიამ კი მას პირველმოწამე რაჟდენი უწოდა. გაეცნობით ნანა ჭანტურიას ზღაპრუკას „ცა და ცისია“, ნუნუ ჯანელიძის „დაძინებამდე საკოკროჭინო“ ამბავს ბზისა და ბუს შესახებ. 33 მატლუკას ხალისიანი ისტორია – ვერა იმბერის „ორმოცფეხა“ პატარებისთვის თარგმნა დალი მუხაძემ. რუბრიკა „ციცქნა გენიოსები“ გაგამხიარულებთ, როცა შეიტყობთ, რა შეემთხვა 3 წლის ელენიკოს, 5 წლის საბას და 6 წლის ერეკლეს. რუბრიკამ „კორჩიოტას პასუხებით“ („ცოტა სერიოზული“ რუბრიკაა) მოიწვია 5 წლის ანასტასია დვალაძე, რომელმაც ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე თავისი გააზრებული პასუხებით მოგვხიბლა. და ბოლოს: „იალქნის“ უკანა ყდას ამშვენებს 12 წლის ბათუმელი სალომე პაიჭაძის ნახატი „ქარში“, „აფქიოს“ კი – 6 წლის ნინიკო გეგელიას – „მუსიკის მასწავლებელი“. გამოგვეხმაურეთ, იმეგობრეთ, ითანამშრომლეთ „იალქანთან“, „აფქიოსთან“.

ჟურნალი „იალქანი“ ერთგულ მკითხველს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. გადადით ლინკზე, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ჟურნალის საიუბილეო 45-ე ნომერი სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველ მისამართზე.

Share: